მე მაქვს არჩევანი!

“ყოველი კედელი კარია” _ თომას ელიოტი

რამოდენიმე დღეა ძალიან მინდა, ჩემს ძველ მივიწყებულ ბლოგს შემოვურბინო, რომ მეც გამოვხატო ჩემი აზრი… არამგონია, რამე ახალი და განსხვავებული ვთქვა, მეც დანარჩენი საქართველოს მსგავსად ჯერ შეძრწუნებული, მერე შეწუხებული, შემდეგ კი დაბნეული ვიყავი…(სასაცილო კია, მაგრამ წნევამაც კი ამიწია მე, რომელსაც ასეთი ემოციურობა ზოგადად არ მახასიათებს). ნელ-ნელა დანარჩენების მსგავსად გამოვდივარ შოკიდან… თუმცა არ მომწონს ბევრი ადამიანის მდგომარეობა, ბევრის ისევ მაშფოთებს, არ მომწონს ჩემი დაბნეულობა, საზოგადოების გაორება, გასამება და ხანდახან გაათებაც კი…   არ მომწონს გაუთავებელი ბილწსიტყვაობა, არ მომწონს დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც ყველაფრის ფასად ცდილობენ ერთმანეთს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცონ (მაგრამ სიმართლე ერთია და არც ის მომწონს, რომ ბოლო დროს ტყუილ-მართალი ძალიან აირია ერთმანეთში), არ მომწონს რომ ვეღარავის ვეღარ ენდობი, არ მომწონს ავტოგრაფები, არ მომწონს სიტყვით გამსვლები, არ მომწონს რომ ძალადობას ძალადობით ვებრძვით, არ მომწონს რომ განსხვავებულ აზრთან შეგუება ისევ გვიჭირს, არ მომწონს ფულის შეგროვება, არ მომწონს გვირილის ნაყენი, მოცხარის ჩაი, კიდევ ბევრი რამე არ მომწონს…  მაგრამ მომწონს ადამიანები, ადამიანურობა და ის, რომ მათ სილამაზის აღქმა შეუძლიათ, მომწონს სიყვარული, მომწონს შოპენი, მომწონს ზამთრის ზღვა (მე და ნუცას რომ არ გვეღირსა დეკემბერში ბათუმი), მომწონს ფეხით ხეტიალი, მომწონს ჩემი მეგობრები, მომწონს ტიბეტი(თუმცა იქ არასდროს ვყოფილვარ), მომწონს თეატრი, მომწონს ლამაზი პეიზაჯები და საერთოდ მე ცხოვრება მომწონს! მაგრამ მშვიდი ცხოვრება ვერ დადგა ჩემს ქვეყანაში და ალბათ, ეს ჩვენი, ჩემი ბრალიცაა და ახლა არათუ არ უნდა დავუშვათ ახალი კედლების წარმოქმნა ან აქამდე არსებული დავანგრიოთ, არამედ კარებად ვაქციოთ ისინი! ნურც ერთმანეთს გავიმეტებთ განსხვავებული აზრის გამო კოცონისთვის (ისედაც საზოგადოებას ფსიქოლოგიური რებილიტაცია სჭირდება) და ნურც ჩვენ ვიქცევით “მექანიკურ ფორთოხლებად”. ნუთუ ასე რთულია გვიყვარდეს და პატივი ვცეთ?!

უცნაური გადასვლა კია, მაგრამ ეს ამონარიდი ბევრ რამეზე მეტყველებს: “ახლა 2001 წლის ივლისია. უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე მინიმუმ ორი წელი რჩება, საპრეზიდენტომდე _ სამი. შედარებით სტაბილურ ქვეყანაში ეს, როგორც წესი, პოლიტიკური მიძინების პეიოდია. ჩვენთან კი დებატების ინტენსიურობა, დაპირისპირების ხარისხი, პოლიტიკურ  კამპანიაში ჩადებული რესურსების მოცულობა უტყუარი მაჩვენებელია იმისა, რომ მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს სწორედ ახლა, ჩვენს თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით. ეს არ არის ბრძოლა კონკრეტული რაოდენობის ადგილების მოსაპოვებლად პარლამენტში, მთავრობაში, ან თუნდაც ბრძოლა პრეზიდენტობისთვის. საქმე ეხება უფრო დიდს და უფრო მნიშვნელოვანს: სწორედ დღევანდელი ბრძოლის შედეგები განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ რა ფორმას მიიღებს ქართული სახელმწიფო, რა იქნება მისი იდეოლოგია და ორიენტაცია. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური დებატები, თუნდაც ყველაზე დიდი სიმძაფრით გამორჩეული. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, ზნედაცემულობასა და კეთილშობილებას, ღალატსა და სამშობლოს სიყვარულს შორის. ეს არის დაუნდობელი და გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, საქართველოს მომავლისთვის…” ამ სიტყვებით იწყება მიხეილ სააკაშვილის წიგნი “გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის”, რომელიც 2001 წელს გამოიცა და მაშინ როცა დედამ ვაკის პარკში გამართული შეხვედრიდან ეს წიგნი პირადად დეპუტატობის მაშინდელი კადიდატისგან მიიღო საჩუქრად და სახლში მოიტანა, არ წამიკითხავს, ან როგორ უნდა წამეკითხა 11 წლის ასაკში, მახსოვს მხოლოდ სურათები დავათვალიერე და გული დამწყდა, რომ გარეკანის გარდა ფოტოები ყველგან შავ-თეთრი იყო და ცოტა ნაწყენმა წიგნი გადავდე, მაგრამ ამასწინათ ამ წიგნს როცა ისევ გადავაწყდი, გვერდზე აღარ გადამიდია და კითხვას შევუდექი, თუმცა გული ამჯერად უფრი დამწყდა, თუმცა ფოტოების ხარსხი არაფერშუაშია, რადგან იმ იდეების დიდი უმეტესობისთვის, რაც ამ წიგნშია ნახსენები, ჩვენ კვლავ ბრძოლა გვიწევს… ისევ ადამიანის უფლებეისთვის, იმისთვის თუ რა ფორმას მიიღებს ქართული სახელმწიფო, რა იქნება მისი იდეოლოგია და ორიენტაცია. ეს ყველაფერი კი ხვალ უნდა გადაწყდეს. 1 დღეში უნდა გავაკეთოთ არჩევანი და აქ დაბნეულობა, გაუაზრებლობა არაფერს გვარგებს, იმიტომ რომ გვაქვს შესაძლებლობა დიდი და მყარი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ჩემი ნაწერი ცოტა ინფანტილურია, თუმცა მე არც გინება ვიცი, ვერც პოლიტიკაში ვერკვევი მაინცდამაინც, მაგრამ ამ ქყვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ვარ, რომელიც დარწმუნებულია, რომ “აბსოლიტურად ბრწყინვალე რეალობა” მიუღწეველია, უბრალოდ ყველამ თითოეულმა ჩვენგა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ქვეყნისა(რომეილიც გვინდა გაცილებით უკეთესი და მშვიდი იყოს)  და ერთმანეთის წინაშე (რომლებმაც გვერდიგვერდ უნდა ვიცხოვროთ)… “თუკი აქამდე ვკითხულობდით, რა გამიკეთა მე ჩემმა ქვეყანამ, ახლა მოვიდა დრო, რომ ჩვენს თავს ვკითხოთ: რა გავაკეთე მე ჩემი ქვეყნისთვის?”_ ჯონ კენედი. რაღაცის (არჩევანის) გაკეთების დრო ხვალაა! მოდი, არ დავიზაროთ!

Advertisements

18 გზა სტრესის მოსახნელად :)

 

ხშირად ისევე ცოტა კმარა გუნების გასაფუჭებლად, როგორც გამოსასწორებლად… დღეს 1 წუთის განმავლობაში ასეთ ცვილებას სულ ცოტა 3ჯერ შევეჩეხე, ახლა კი  ფანჯრის რაფაზე შემომჯდარმა ფიქრი დავიწყე, რა გვეხმარება ან  შეიძლება დაგვეხმაროს პატარ–პატარა სტრესის მოხსნაში.  მოდი, ჩამოვყრი რაც ენაზე მომადგება…

 

 

  1. მოვიხსნათ საათი.
  2.  გამოვრთოთ მობილური ტელეფონი.
  3. ნუ შევჭამთ ვახშამს საკუთარ მუხლებზე, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისიამოვნოთ.
  4. ჩავიცვათ კომფორტული ტანსაცმელი.
  5. არ გამოვეკიდოთ ავტობუსს, აუცილებლად მოვა შემდეგი.
  6. დავყნოსოთ ვარდი ან რომელიმე ყვავილი.
  7. დავკავდეთ ვარჯიშით.
  8. გადავეშვათ სავარძელში.
  9. მხოლოდ მაშინ ჩავრთოთ ტელევიზორი, თუ მართლა ვგინდა რაიმეს ყურება.
  10. მოვისროლოთ ტანსაცმელი, რომელიც არ გვიტარებია 2 წლის განმავლობაში.
  11. დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა.
  12. ვიცინოთ.
  13. დავყოთ 10 წუთი ისე, რომ არაფერი ვაკეთოთ.
  14. ფეხით ვისეირნოთ.
  15. დავაუთოოთ, მარტო იმ შემთხვევაში თუ გვიყვარს ეს საქმე.
  16. ჩავრთოთ ჩვენი საყვარელი სიმღერა და ხმას ბოლომდე ავუწიოთ, არ მოვერიდოთ მეზობლებზებს, რომლებიც საყვდურებით აგვავსებენ.
  17. ლამაზ ბოკალში დავისხათ ღვინო და ვწრუპოთ 1 ჭიქა საღამოს განმავლობაში.
  18. სარკეში საკუთარ თავს ვუთხარათ კომპლიმენტები.

აივანი, COCA-COLA და დილის სუნთქვა…

გგონია, დღეს კარგი გოგო ვარ და ადრე გავიღვიძე, არ ჩამეძინა და არც ადგომა დამეზარა?! არა, ძალიან ცდები… უბრალოდ, საერთოდაც არ მიძინია, ერთ საინტერესოდ დაწერილ წიგნს შემოვჩი დილამდე და 1 საათი კი მივწექი, მაგრამ რომ აღარ ჩამეძინა(ეგ მეც კი მიკვირს როგორ მოხდა), გადავწყვიტე მშვიდი დილა მომეწყო საკუთარი თავისთვის და აი, მეც ვზივარ აივანზე და ვუყურებ როგორ თენდება ყველასთვის და ყველაფრისთვის, თითქმის სავსე კოკა–კოლის ბოთლი და ჩემი საყვარელი ზოლიანი ჭიქა მიდგას გვერდით, მუსიკაც ჩართული მაქვს(იმედია, მეზობელ მიშას არ ვაწუხებ), დილის სიგრილე კი თავისას შვრება, დასიცხული თბილისი ასე რომ მონატრებულია, აი თურმე სად და როდის უნდა ეძებო ნიავი… მესიამოვნა დილის სისველე, აი ეს სიტყვა ყველაზე მეტად უხდება… დილა რაღაც აბაზანიდან გამოსულს ჰგავს, ოდნავ ნოტიოა… აი, ვერტფრენმაც ჩაიწუილა… მზის სხივმაც კი არ გამოაჭყიტა, პირდაპირ დააჭყიტა და ვატყობ რაღაცას მპირდება, ცხელ დღეს თუ სწორად მივხვდი… ამის მიუხედავად მიყვარს მზე, მთელი თავისი სიცხელით და სიწითლით… ის, ჩემი ბავშვობის მდინარეს რომ სხვანაირად აბრჭყვინებდა… იმ ჩემი ბავშვობის მდინარესთან გუშინ მივედი, ყველაფერი ისე დამხვდა როგორც იყო მაშინ, … წლის წინ. იგივე სიმწვანე ბალახის, იგივე სილურჯე ცის, ბავშვობის თვალებში არეკლილი იგივე პეიზაჟი… არაფერი შეცვლილა, თუცა გავიდა … წელი. მერე მე შევედი იგივე მდინარეში და იგივე სიცივემ დამიარა, ვიგრძენი იგივე სისველე და მივხვდი, რომ ყოველივე იგივეში მე სხვა ვარ… ერთხელ სადღაც წავიკითხე, რომ “ერთასა და იმავე მდინარეში ორგზის ვერ შეხვალო”, მე კი მგონია, რომ ერთსა და იმავე მდინარეში (ისევე როგორც ყოველივე იგივეში) ორჯერ შეხვალ, მაგრამ ორჯერვე სხვადასხვა… ეს არის  სხვანაირად ერთი…

ამიტომ ახლა ავდგები, ჩავალ, ლია დეიდას მაღაზია უკვე ღია იქნება და ვიყიდი რძეს, ნამცხვარსაც… ვკითხავ: როგორ მიდის ვაჭრობა? რა მიდის კარგად? _  კითხვას დამიბრუნებს… აი, ნახავთ დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნეა, რაღაც კარგი დღეა, _ მე დავამშვიდებ. თვითონ მეტყვის: შენს პირს შაქარი, ჩემო გოგო (ნეტა მისი გოგო რატომ ვარ?! _ გავიფიქრებ მე, სულ ასე მეძახის და ვერ მივეჩიე) და დავბრუნდები, რძეს დავისხამ გამჭირვალე ჭიქაში (რძეს უხდება) და აივანზე დავლევ… და კიდევ ერთხელ გამიხარდება, რომ ასეთი დილაა, მერე კი დავიწყებ ფართხა–ფურთხით სახლიდან გასასვლელად მომზადებს…

პ.ს. მალე იქნება ჩრდილში 38° და სული შეეხუთება პატარა ქუჩას, მოენატრება დილის გრილი სიოს ნაზი ჩურჩული… მე კი, მეც იგივე… მიწაზე უკვე მცხუნვარე მზის დიდი ლაქაა…

“ბორში” სანთლის შუქზე და გრძნობების ანთებული ნაპერწკლები…

 

 

ოცა რაღაცის მოყოლას ცდილობ, კიდევ ერთხელ, დასაწყისისათვის, სიტყვების ძებნას იწყებ… დილაოგს საკუთარ თავთან, რომ როგორმე იპოვო საჭირო, იმის გადმოსაცემად, რასაც განიცდი… რადგან ხვდები, რომ ემოციის გასაზიარებლად საჭიროა, სწორი ფრაზები, მაგრამ ამ წუთას ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, მახსოვდეს, არ დამავიწყდეს, მოვლენები, თორემ რაც არ უნდა ვიძახო, მეხსიერებას არ ვუჩივითქო, სამწუხაროდ ბევრ ძალიან სასიამოვნო და ლამაზ რამეს ვივიწყებთ, სადღაც კუჭულში გადავისვრით ხოლმე და თუ ვინმემ არ ამოჩიჩქნა, არც კი გვახსოვს რომ ჩვენ რაღაც ამდაგვარი გადაგვხდა ოდესმე… ახლა მეტყვით: თაფლი და შოკოლადია ტვინის მკვებავი და დიდი დოზით მიიღეო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენს ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, ხანდახან საჭიორა, ბევრი ჩანაწერი, ბევრი ფოტო რომ როცა გადავავლებთ თვალს, ისევე ბედნიერად ვიგრძნოთ იმ წუთას თავი, როგორც მაშინ როცა ხდებოდა… სწორედ ეს არის განსაკუთრებული ხიბლი…

04:00 am. მთაწმინის #2, “ბორში”,  სანთლის შუქი, ბევრი  გრძნობა, მე და ნინა…  ტკბილმწარე განცდები… ფიქრი… სიტყვები, რომელიც ფიქრებს ვერ იტევს… საუბრები, რომ 4წლის წინ რაც საშინლად გვინდოდა და გვეგონა, თუ არ ახდებოდა ვერ შევძლებდით ვერაფერს… დღეს კი როცა ასე ახლოსაა და მეტიც, თავისთავად ახდა, გვიკვირს რომ ნუთუ ოდესმე, რაღაც ასე ძალიან გვსურდა… გვიკვირს, როგორ ჩაიარა, როგორ გაგვიარა კანკალმა… ამიტომ სიტყვა, რომელსაც ველით, უნდა ითქვას დღეს, თორემ დღეც გავა ლოდინში და დადგება ღამე… განთიადი კი ახალ სურვილებს მოიტანს… ყოველი მაისი თითო კვირტს დატოვებს ჩვენში გასაფურჩქნად და ვინ იცის, ივნისი რა თაიგულს გვპირდება?!

თქვით, რომ სულელური აზრები მეძალება, რომ სულელურად ვწერ, რომ სულელურად ვიქცევი… მაგრამ ვიცი, რომ ამაოდ არასდროს გვიყვარს, არასდროს გვტკივა, არასდროს ვიღიმით და არასდროს გვცვივა ცრემლი… კიდევ ვიცი, რომ ყოველ ჩვენგანს ყავს მრავალი მეგობარი, კიდევ შეიძენს უამრავს, მაგრამ მათ შორის ყავს განსაკუთრებულები… ჭირის გამზიარებლები, თანამგზავრები… რომელთა გარეშეც ძნელად წარმოგიდგენია ყოფნა… ისეთები, რომლებიც თუ მიდიხარ_ მოგყვებიან, შუბლს შეკრავ_ ისინიც იწყენენ, იცინი და აგყვებიან… პატივს სცემენ, რასაც შენ აფასებ და არ უყვართ ის, რასაც ვერ ეგუები… ყველას ყავს ასეთი გამორჩეული რამოდენიმე მეგობარი… მეც…

მინდოდა მეთქვა, რომ ყველაზე გემრიელი “ბორში” ვჭამე წუხელ, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და ყველაზე მშვიდად და საინტერესოდ ვისაუბრე, რაც კი ოდესმე მისაუბრია…

თუმცა გავა წლები და  ყველაფერი იქნება ისე, როგორც წლების წინ…

 აი, ასე…

“…მაისი აყვავებული ატმიდან…”

ამ დილას სანამ გამოფხიზლდებოდი, ვხედავდი რომ მაისის მზე ცდილობდა ჩემს ოთახში შემოპარვას… მეც გავუღე ფანჯარა და მზით ავივსე… მე ხომ ისევ მზეს უმზირა გოგო ვარ… საერთოდ მაისი ისეთი მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით აღსავსეა, რომ ზუსტად ვიცი, ეს დარჩენილი რამოდენიმე დღეც არ იქნება ჩვეულებრივი… გულისცემა ამიჩქარდა, ვითომ ყავის ბრალია?!

ვარდობისთვემ ჩაიარა…

მე კი

ზეცა დავთვალე…

სხივი დავთვალე…

ალუბლებიც გადავთვალე…

ხალხი დავთვალე…

მერე ერთზე ვიფიქრე…

მგონი, ღრუბლის მწყემსია…

ის ერთი ხალხში დავკარგე,

რომ ხალხზე მეფიქრა…

მერე კი?

მერე კი აღმოვაჩინე,

რომ კვლავ მზე მშია…

ეს ცუდია, ან კარგი, ან არ ვიცი…

დღეს ბევრი არც არაფერი ვიცი… არა, ვიტყუები! ერთი რამ ახლაც დანამდვილებით ვიცი: წიწიბურას ჭამას, ისევ “უგულავას დიეტა” მირჩევნია! ეს ისე, გასული დღეების აბდაუბდა გამოსვლების შეფასება… ვატყობ, ჩემი ნაწერიც ცოტა აბდაუბდად გამოუყურება, ამიტომ წავალ… იქამდე კი აი, რა მინდა გაგიზიაროთ. ამასწინათ გადავაწყდი, თუმცა აღარ მახსოვს სად…

“გაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას ტუჩალეწილი ალუბალი
და მიხვდი აბა – ცაცხვის ყვავილთან
რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი,   აბა მიდი და – გიჟი ხარო, აბა უთხარი.

გაზაფხულია, თუ გიყვავის ხმაში იები, გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები.

გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა, თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი.

გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა, ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი!”

ჩემი ბაბუ

 მთელი დღეა უცნაურად ვარ, დანაკარგის გრძნობა არ მტოვებს, არადა რაიმეს ან ვინმეს სულ ვკარგავთ, თან ვპოულობთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა იცი, ისეთი დაკარგე, რომელსაც ვეღარ იპოვი… მთელი დღეა ჩემს დანაკარგებზე ვფიქრობ და ზუსტად ვიცი,  2001 წლის 12 ივნისს მნიშვნელოვანი დავკარგე…

ჩემთვის ადამიანები, საგნები და მოვლენები იყოფა რამოდენიმე კატეგორიად: #1 ამოუწურავად საინტერესო, #2საინტერესო, #3 ისე–რა საინტერესო, #4 უინტერესო… მე კი ამოუწურავად საინტერესო ბაბუ მყავდა! იმიტომ კი არა, რომ ჩემი ბაბუ იყო და ბუნებრივია რომ ამას ვამბობ, ნამდვილად არა! ის იყო ადამიანი, რომელსაც მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა. მე–20 საუკუნის დასაწყისში დაბადებული, ყველა რთულ წელს შესწრებული და 21 საუკუნეს თვალშევლებული ადამიანი… ვიწრო ინტერესები არასდროს ამოძრავებდა. ყოველთვის მეტად შორს იყურებოდა, ვიდრე ჩვენ ყველანი, სწორ შეფასებებს აკეთებდა, არასდროს კარგავდა იმედსა და იუმორის გრძნობას, ფანტასტიურად მღეროდა, საოცრად წარმატებული იყო თავის საქმეში, ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა(საკუთარ თავზეც), ჰქონდა ამოუწურავი ენერგია და ძალიან ვუყვარდი მე…

რატომ მაინცდამაინც დღეს ვსაუბრობ მასზე, ალბათ, იმიტომ რომ ეს დღე მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ის ხომ იბრძოდა იმ ომში და გადარჩა, ბევრი მისი მეგობრისგან განსხვავებით და იდეის ერთგული დარჩა ცხოვრების ბოლომდე… და კიდევ, ალბათ, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა ერთად დავდიოდით საცხრამაისო შეკრებებზე და რაღა დაგიმალოთ მომწონდა, მასთან  სადმე წასვლა ხომ დღესასწაული იყო, მისი მეგობრების(რომელთაც 89 წლის ასაკშიც “ბიჭებად” და “გოგოებად” მოიხსენიებდა) ყურადღების ცენტრში ყოფნაც სასიამოვნო… აუცილებლად საგაზაფხულო პიჯაკსა და ფერად პერანგში, უამრავი მედალ–ორდენით, ცილინდრში ის ჩემი, პატარა “კუდრაჭა”(ასე მეძახდა) გოგოს, კავალერი იყო… ალბათ, სიმართლეა როცა ამბობენ რომ ბაბუასა და შვილიშვილის ურთიერთობა სხვა განზომილებააო… ის მასწავლიდა ცხოვრებას და ცხოვრებით ტკობას… რომ ცხოვრებას სახეში ყურება არ სჭირდება, საკმარისია ის მხოლოდ შეიგრძნო… რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა იყო ბედნიერი, საერთოდ რამდენადაც ადამიას შეუძლია იყოს ბედნიერი…

დღეს გული მწყდება, რომ ვერ შევძელი ბევრი მისი აზრი, განცდა და სურვილი დამემახსოვრებინა და შემენახა, მაშინ ყველაფრისთვის ძალიან პატარა ვიყავი… თან როცა გყავს, არადოს ფიქრობ რომ ერთხელაც ასე აღარ იქნება. ისე ვიქცევით, თითქოს მუდამ ვიცოცხლებთ… არადა რომ გვახსოვდეს ხოლმე იმქვეყნად წასვლის გარდუვალობა, უფრო ადამიანურები ვიქნებოდით…

ჩემი ბაბუ, ამბობდა, რომ  ყველას და ყველაფერს აქვს მომავალი, რომ ადამიანები მთავარია საკუთარი სურვილების ტყვეები არ გავხდეთ…

ჩემი ბაბუ, ნიკოლოზი, ხანდახან კოლია, ყოველთვის სიმპატიური და ამოუწურავად საინტერესო…

ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ…

პ.ს.ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ მისი არცერთი ფოტო არ მაქვს დასკანერებული, მაგრამ გამოვასწორებ თქვენთვის კი არა, ისევ ჩემთვის…

ძილინებისა რა იყო და უკვე დილა მშვიდობისა!

იმის მუხედვად რომ უკვე საშინლად მეძინება, თვალებს ვეღარ ვახელ, ყურსასმენებისგან ყურებიც მტკივა(მგრძნობიარე კანი მაქვს), მაგრამ Damein  Rice-ს მაინც ვუსმენ! ძალიან გვიანია, უფრო დილაა უკვე, მაგრამ მე აქ ვარ და ვწერ ფაქტია, თუმცა რას ეგ უკვე აღარ ვიცი… მთლად ცნაური არ უნდა ვიყო…

უკვე განთიადმა შემოაღწია ქალაქში, რაღაც ახალი იწყება, იქნებ სრულდება…ამ დროს ვიღაცის ვალია დუმილი, ვიღაცის მოძრაობა, ვიღაცის ოცნება… ვიღაც შორსაა, ვიღაც ახლოს… ვიღაც მეტია ვიდრე ყვავილი, ვიღაც მეტია ვიდრე  თითქმის შეღებული კარი… ვიღაც ვიღასიც გვერდით უკეთესი ხდება, ვიღაც უარესი… ვიღაც ზღვაშია, ვიღაც უდაბნოში… ვიღაც ოცნებობს შერიგებაზე… ვიღაც ემდურის, ვიღაც უფრთხის… ვიღაც იცინის, ვიღაც ზედმეტია…

ჩვენ, ვიღაცებს, ნეტავ რა ამინდი გველის?!

არ ვიცი, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, რატომაც არ მძინავს ახლა… უბრალოდ რომ გითხრათ, მე თქვენ მიყვარხართ, თვით სიყვარულის გაჩენამდე და მერეც მეყვარებით, იქ სადაც შეიძლება იყოს არაფერი, მაგრამ შეუძლებელია არ იყოს სიყვარული…

პ.ს. უბრალოდ მინდოდა მეთქვა ძილინებისა და დილა მშვიდობისა!

ისეთი არაფერი მომხდარა…

მთელი საღამო ვფიქრობდი, ყველაზე მეტად ადამიანები დღისით არიან ყალბები, რადგან დღის სინათლეზე ისინი ისეთები არიან, როგორებიც არ არიან, ღამით კი მთვარის შუქი იმას წარმოაჩენს ხოლმე რაც შიგნითაა, ღრმად დამალული და მათ ცოტა მაღლა ეზიდება… მაღლა საიდანაც თვალების დაუთხრელად უკეთ ჩანს ყველაფერი, თორემ თუ თვალებს დაითხრი, ყოველივეს უკუღმა იხილავ: თუ ხედავდი მზეს, ყინულს დაინახავ… თუ ხედავდი მხნეს, ლაჩარს დაინახავ… თუ ხედავდი ზღვას, უდაბნოს დაინახავ… ასე რომ არ ღირს თვალების დათხრა… მითუფრო რომ ყოველ დილას, როცა ვიღვიძებთ გვეძლევა 86400 წამის სიცოცხლე ერთი დღისთვის, ხოლო საღამოს, როცა ვიძინებთ, ის რაც დღის განმავლობაში ვერ მოვასწარით გვეკარგება… ყოველ დილას ეს სასწაული თავიდან იწყება და ამ წესის დაცვით ვთამაშობთ… ამ 86400 წამში კი რამდენის ჩატევა შეიძლება, თან მაშინ როცა არაფერია შეუძლებელი, მხოლოდ ჩვენი გონება განიხილავს ზოგიერთ საზღვრებს… თუ მთვარემდე მიაღწია ადამიანმა და მრავალტონიანი თვითმფრინავი ააფრინა ცაში, სხვაც არაფერია შეუძლებელი, ეს მხოლოდ დროის საკითხია. დრო კი იმის მისახვედრად გვჭირდება, თუ როგორაა შესაძლებელი…

ამ 3 დღეში იმდენი გრძნობა განვიცადე, ზოგი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ ახრხებს, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი, ცხოვრება ამად ნამდვილად ღირს… იმიტომ რომ არსებობს “ხშირად” ბედნიერი კუნძულები, ზღვები, ოკიანეები და შიგადაშიგ “იშვიათად” ბედნიერი კუნძულები… ამ კუნძულების აღმოსაჩენად ღირს ცხოვრება. მთავარია, იყო ბედნიერი იქ, სადაც ხარ და რამდენი ხნითაც ხარ, მეტი არაფერი… რაშიც დარწმუნებული ვარ, ცხოვრება მსხვერპლთშეწირვა ნამდვილად არაა! ამ როლის მორგება მშობლებს მოსწონთ ხოლმე, ისინი ცდილობენ ბავშვს ის მისცენ, რაც სამართლიანად მიაჩნიათ, თუმცა შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. მშობელთა უმრავლესობისთვის მთავარია სიყვარული, მაგრამ ეგოიზმიც არაა ხოლმე უცხო ხილი… მშობლები ხომ მთებს გვანან, რომელთა დაპყობას მთელი სიცოცხლე სჭირდება, ერთ მშვენიერ დღეს კი მათი როლი ჩვენც უნდა შევასრულოთ, თუმცა ეს არ ვიცით… უამრავი რამ ხდება ჩვენ გარშემო, მაგრამ თითქოს წვრილმანებია…

ისეთი არაფერი მომხდარა, ერთი ჩემი მეგობარი ბელგიიდან ჩამოვიდა და უნდა ვნახო, არადა 2წელია აღარ გვიკონტაქტია….

ისეთი არაფერი მომხდარა, ნუში ყვევის მეზობელ ქუჩაზე…

ისეთი არაფერი მომხდარა, ერთი ჩემი მეგობარი ბაქოდან ჩამოდის  მოთხოვნით სრული 1 დღე მას უნდა დავითმო…

ისეთი არაფერი მომხდარა, ერთი ჩემი მეგობარი მამა გუშინ გახდა, არადა ბავშვი უკვე 1,5 წლისაა…

ისეთი არაფერი მომხდარა, ერთ ჩემს მეგობარს იმ დროს დავურეკე, როცა ბედნიერად ჩახუტებული იყო შეყვარებულს და ყველაზე ნაკლებად ვინმეს ზარი სჭირდებოდა…

ისეთი არაფრი მომხდარა, ჩემი სუნამოს ფლაკონი ამოცარიელდა…

ისეთი არაფერი მომხდარა, მზეს დაეკაწრა ღაწვები და სანამ იშუშებს იარებს, იმალება…

ისეთი არაფერი მომხდარა,  ტანგოს ცეკვა ისევ არ ვიცი…

ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ გადავიფიქრე…

არ მომწონს ასეთი დილა, არააა!

„დილას ჩემი ინტერნეტი თანამედროვე მამაკაცივით მოიქცა, გავიღვიძე და აღარ დამხვდა“_ ჩემი გადარეული მეგობრის მიერ ნათქვამმა ამ ფრთიანმა  ფრაზამ მაინც გამაღიმა, არადა სულაც არ ვიყავი დაკრეჭის განწყობაზე, რადგან მე ნამდვილად “თანამედროვე მამაკაცზე” ვფიქრობდი იმ მომენტში… მაინც რა ფენომენია ეს თანამედროვე მამაკაცი და მისი დილა?! მამა–კაცაი, რომელიც დილით დგება ცხელ შხაპს იღებს,

მერე წვერს იპარსავს, მერე პრიალა ლოყებზე სუფთა ხელებს ჩამოისმევს,

მერე იღლიებში დეზედორანტს შეისხურებს(ან ბურთულიანს წაისმევს),

მერე ფრანგულ ოდეკოლონს შეიფრქვევს,

მერე ახალ პერანგზე ლურჯ–მუქად მბზინვარე პიჯაკს ჩაიცმევსს,

მერე წითელ–თეთრ ზოლებში გადაწყვეტილ ჰალსტუხს გაიკეთებს,

მერე „ნესკაფეს“ გადაკრავს და რა თქმა უნდა რძეს ჩაუმატებს,

მერე რაიმე სასმუსნავს მიაყოლებს,

მერე ხელსახოცით პირს მოიწმენდს,

მერე ნაჩქარევად გარეთ გამოდის, შორიდანვე მანქანას დაასტვენინებს,

მერე ძრავას აახმაურებს, ღვედს გადაიჭერს(არადა კი ეზარება, მაგრამ ჯარიმას იცის უმისოდ ვერ გადაურჩება),

მერე რადიოს ჩართავს საყვარელ ტალღაზე,

მერე სიგარეტს დასწვდება, რომელიც სალონში ელოდება,

მერე „დააძრობს“ სანთებელას და „ზიპოს“ ააბრიალებს,

მერე მოუკიდებს სიგარეტს, რომელსაც „ამაყად“ აწერია: „სიგარეტი კლავსო“ და  როგორც ყველა მწეველს, მასაც სჯერა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ჯანმრთელი მოკვდები თუ ავადმყოფი,

მერე ღრმად ჩაისუნთქავს თვალებმოჭუტული,

მერე ხელს გადაყოფს მანქანიდან და სარკეს გაასწორებს ჩაიხედავს და თვალებს დაინახავს,

მერე მდიდრული ბუდიდან სათვალეს ამოაძვრენს და მოირგებს, დაფარავს თვალებს, რადგან ისინი ყველაზე გამყიდველია,

მერე ჩათვლის რომ უფრო მიმზიდველად გამოიყურება,

მერე ჯიბეს მოსინჯასვს, საფულე ხომ ადგილზეა,

მერე მანქანას კმაყოფილებით დაძრავს, საზურგეზე გადაწვება და გაიფიქრებს რომ მაგარია!

 

 

ხაჭოს ნამცხვარი თუ დომინო? იქნებ არცერთი…

არ მეგონა თუ ჩემს ნაწერს ვინმე კითხულობდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რამოდენიმე ადამიანისგან მოვისმე სინანულნარევი ფრაზა, რომ სანსალიკო დუმს…

გამოცდები და დღესასწაულები მაინც თავისას შვრება და მოაკლდა აქაურობას ჩემი ხელი:). ახლა შემოვიჭყიტე, რადგან სანსალიკო ავალაპარაკო…

რის თქმას ვაპირებ?! არც მე ვიცი. ეს წუთია გამოვტუსტუსდი სააბაზანოდან, ცხელმა წყალმა ძარღვები დამიბერა, სისხლიც მომაწვა საფეთქელში და სანამ თმას გავიშრობ(თავზე ასე პირსახოოცშემოხვეული) ფეხმორთხმით მოვკლალათდი სავარძელში და გეტყვით, რაზეც ვფიქრობდი ცხელი წყლის ქვეშ. ერთხელ ერთი ჩემი მეგობრისგან ვცადე გამეგო რისი ეშინია. მან გრძელი პასუხი გამცა: ალბათ, იმის დაკარგვის, რაც მაქვსო… იმ ურთიერთობების, დამოკიდებულებებისა და მდგომარეობის, რასაც უკვე მივაღწიეო. მართლაც ჩვენ ვავითარებთ გარკვეულ დონემდე  ურთიერთობებს და შემდეგ ვინარჩუნებთ. ეს კი ბევრად რთულია, ვიდრე თუნდაც მიღწევა… კიდევ ერთმა ჩემმა ნაცნობმა “ზოლიანმა ლაშამ”(ასე იმიტომ შევარქვი, რომ მისდღემში ზოლიანი პერანგი აცვია) ამ კითხვაზე ნახევრად ხუმრობით: ყველაზე მეტად დედის მეშინიაო, მიპასუხა(ჩვენი 25 წლის “ზოლიანი ლაშა” ასე ჩაპუტკუნებულიც, ალბათ, იმიტომაა, რომ დედის მომზადებულ ბუტერბროტებსა და შემწვარ–მოხრაკულზე შიშით უარს ვერ ამბობს, შედეგიც სახეზეა ღიპის სახით).

და მართლაც, ვის რისი გვეშინია? დანაკარგების, ერთმანეთის, სიყვარულის, სიძულვილის, აღიარების, სიმართლის, სიცრუის, ღვთის, სიკვდილის, წყლის სიღრმის, იარაღის თუ ჩიტების(ერთი ჩემი მეგობრისა არ იყოს, რომელიც თუ გინდა სამუდამოდ დაკარგო, ჩიტი უნდა აჩუქო ნებისმიერი სახეობის). ეს ჩამონათვალი შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს…ზოგმა კი არ იცის რისი ეშინია… ესეც ერთგვარი შიშია, ალბათ… რომ არ გინდა საკუთარ თავს გამოუტყდე, რაღაც გაფრთხობს, გაშინებს… დავიწყე მე ვითომ ფილოსოფოსობა და დროა გავჩერდე, თორემ სანსალიკოსთან ურთიერთობიოს სურვილი გაგიქრებათ, მე კი ეს ყველაზე ნაკლებად მინდა…

მე რისი მეშინია??? ზოგადად დანაკარგების ყველაზე მეტად… ამ წუთას კი დომინოს თამაშის, იმიტომ რომ თავის დროზე ტრენერმა ვერ მოიცალა და დამტოვა ასე “გაუნათლებელი” და კიდევ ხაჭოს ნამცხვრის, რადგან დღესასწაულებზე “სმა–ჭამა დიდად შესარგი” ისე შემერგო, რომ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მგობარმა ცოტა ხანს გვძულდეს ყოველგვარი ტკბილეულ–სასმუსნავი(ჩემი წილიც იმ ჩემმა ნაცნობმა მიირთვას, რომელიც ხაჭოს ნამცხვრის მოსაპოვებლად ზაფხულის პაპანაქება სიცხეს არ ერიდება ხოლმე და დაიარება თბილისის ქუჩებში მის მოსაპოვებლად)…

მე კი გავქუსლე, თმას გავიშრობ, თორემ თავზე ამაყად ანტენები აღიმართება და ასე ანტენებაღმართული აბა ვის მოვეწონები?!

« Older entries